ი ს ტ ო რ ი ა |
1878 წლიდან თითქმის 30 წლის განმავლობაში მადეირელები და პორტუგალიისა და ესპანეთის სამფლობელოს სხვა კუნძულების მკვიდრნი დიდი რაოდენობით ჩადიან ჰავაის სამეფოში შაქრის ლერწმის პლანტაციებში სამუშაოდ. მეორე ჩამოსული ხომალდის პორტუგალიელი იმიგრანტები დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ ჰონოლულუელებზე; თანახმად ერთერთი ადგილობრივი გაზეთისა: 1879 წლის აგვისტოს ბოლოს, პორტუგალიური გემის SS Ravenscrag (სხვა ჩანაწერების მიხედვით SS Ravenscraig) დოკში შემოსვლიდან ორი კვირის შემდეგ ჰავაის გაზეთი (Hawaiian Gazette) იუწყება ”ახლახან ჩამოვიდნენ კუნძულ მადეირას მკვიდრნი, რომელნიც ქუჩის კონცერტებით ამხიარულებენ ხალხს საღამოობით”. ავტორი იქვე აღნიშნავს ”კეთილხმოვან მუსიკას” შესრულებულს ”უცნაურ ინსტრუმენტებზე, რომელიც სანახევროდ წააგავს გიტარასა და ბანჯოს”. ეს ”უცნაური ინსტრუმენტი” გახლავთ მადეირული პატარა ოთხსიმიანი გიტარა, მე-18 საუკუნიდან ცნობილი როგორც მაჩეტა დე ბრაგა (Machete de Braga) ან უბრალოდ მაჩ(შ)ეტა და, რომელმაც განსაზღვრა მსოფლიოში ცნობილი ჰავაური უკულელეს შექმნის ბედი.
ზუსტად ამ გემზე იმყოფებიან პორტუგალიელი ხის ოსტატები მანუელ ნუნესი (Manuel Nunes), აუგუსტუ დიასი (Augusto Dias) და ხოსე დუ ეშპირიტუ სანტუ (Jose do Espirito Santo). მშობლიური პორტუგალიის მუსიკალური ინსტრუმენტების - მაჩეტა, ბრაგუინია, კავაქუინია - ძირითად ფორმებზე დაყრდნობით ოსტატთა ტრიო ქმნის და ავითარებს უკულელეს. პირველი უკულელე, სავარაუდოდ, დამზადებული უნდა იყოს 1880-იან წლებში, ოღონდ ამ პირველი ინსტრუმენტის სახელი კვლავ არის მაჩეტა; სახელწოდება უკულელე პირველად ჩნდება 1890-იან წლებში; არსებობს ვერსიები, მაგრამ დოკუმენტურად დადასტურებული არ არის თუ ზუსტად ვინ არის სახელწოდების ავტორი.
|
უკულელეს მუსიკალური წყობა, ცნობილი როგორც ჩემს ძაღლს ჰყავს რწყილები (My Dog Has Fleas), აღებულია მეორე მადეირული ინსტრუმენტიდან, 5-სიმიანი გიტარიდან რახაუ (Rajao). როგორც ცნობილია, მაჩეტას წყობა არის ღია-G (Open-G); ფაქტი, როდის და რატომ შეძინა უკულელემ ეს მუსიკალური წყობა უცნობია და ნაწილია უკულელესთან დაკავშირებული ისტორიებისა.
ჰავაის მკვიდრნი აღტაცებულნი არიან ახალი მუსიკალური ინსტრუმენტის არამხოლოდ მშვენიერი მუსიკალური ჟღერადობით, არამედ ასევე, სისწრაფით, რომლითაც ფრენენ მუსიკოსების თითები ინსტრუმენტზე. ამბობენ, რომ ამის გამო შეარქვეს ჰავაელებმა ინსტრუმენტს უკულელე, რომლის ერთერთი მნიშვნელობაც თარგმანში არის მოხტუნავე რწყილები - რწყილი (‘uku) რომელიც ხტუნავს (lele) - ევროპელების მიერ კატის რწყილის, Ctenocephalides Felis, იმპორტის 'პატივისცემის' ნიშნად. |
ჰავაის უკანასკნელი მონარქის, დედოფალ ლილი‘უოკალანის (Lili'uokalani) თანახმად, ჰავაური სიტყვების uku (საჩუქარი, ჯილდო) და lele (მოსვლა) მიხედვით უკულელეს თარგმანის (აქედან ჩანს, რომ სიტყვა ‘uku რამდენიმე მნიშვნელობას შეიცავს) მნიშვნელობაა ”საჩუქარი, რომელიც შორიდან მოვიდა”. და მაინც, როგორ ხდება მაჩეტა უკულელე? ზემოთ ჩვენ უკვე მოვიყვანეთ რამდენიმე მაგალითი უკულელეს მნიშვნელობისა ჰავაურ ენაზე, მაგრამ არის კიდევ რამდენიმე სხვა ვერსიაც და ყველაფერი ეს კი ერთად ჰგავს პატარა მისტერიას, სადაც არის ერთი კითხვა და მრავალი შესაძლო პასუხი. პასუხები შეიძლება შემდეგნაირად გამოიყურებოდეს:
|
- მუსიკოსების თითების ფრენა წააგავს მოხტუნავე რწყილებს;
- მეფე კალაკაუას (Kalakaua) ვიცე-ჩემბერლენი ედვარდ პურვისი (Edward Purvis) გახლდათ ტანით პატარა და მკვირცხლი როგორც რწყილი და ამბობენ, რომ ”უკულელე” იყო მისი ზედმეტსახელი. ის იყო ნიჭიერი მუსიკოსი და მაჩეტაზე შესრულების უბადლო ოსტატი. არის მოსაზრება, რომ პურვისის ზედმეტსახელი დარჩა ინსტრუმენტს სახელად;
- უკულელეს აქვს პოეტური მნიშვნელობაც: ”საჩუქარი, რომელიც შორიდან მოვიდა”;
- ზოგიერთი ჰავაელი ადარებდა მაჩეტას უკეკე-ს, ადგილობრივ სიმებიან ინსტრუმენტს. ისინი უწოდებდნენ მას უკეკე-ლელე, ანუ მოცეკვავე ”უკეკე”, რომელიც შემდგომში შემოკლდა ჯერ როგორც უკელელე (დიდ ბრიტანეთში ხშირად ხმარობენ ამ ვერსიასაც) და შემდეგ უკულელე;
- არც ერთი ვერსია არ არის სწორი.
მნიშვნელობა არ აქვს თუ როგორია ნამდვილი ისტორია უკულელეს შესახებ, ის არის ჰავაის ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტი და დაკავშირებულია ზემოთდასახელებულ პორტუგალიელ ოსტატებთან. უკულელე იმსახურებს ჰავაის სამეფო ოჯახის აღიარებას, ამ მშვენიერ ინსტრუმენტზე უკრავენ მეფე კალაკაუა და დედოფლები ემა (Emma) და ლილი‘უოკალანი. ერთის მხრივ, ალბათ, ეს არის მიზეზი, რომელიც განაპირობებს ჰავაელების მიერ უკულელეს აღიარებას. ყველამ - მეთევზიდან და ფერმერიდან მეფემდე და დედოფალამდე, ვინც კი შეისწავლა უკულელეზე დაკვრა, შეიყვარა ეს ინსტრუმენტი.
უკულელეს ჰავაურ ენაზე გამოთქმა - Ukulele /u-ku-le-le/ (უ-კუ-ლე-ლე) ისეთივეა როგორც ქართულში - უკულელე; დიდ ბრიტანეთში ზოგჯერ გამოითქმის - Ukelele (უ-კე-ლე-ლე). მსოფლიოს ხალხთა ენების 65%-ზე მეტი ერთნაირად გამოთქვამს უკულელეს და ის შეესაბამება ორიგინალურ გამოთქმას ჰავაიურ ენაზე, თუმცა ინტერნეტში მეტად გავრცელებულია ინგლისურენოვანი გამოთქმაა - Ukulele /YOO-kə-LAY-le/ (იუ-კა-ლეი-ლი).
დაახლოებით 1915 წელს უკულელეს პოპულარობა აღწევს მატერიკს. ჰავაური მუსიკის ბუმი სათავეს იღებს სან-ფრანცისკოში, ვრცელდება მთელ ქვეყანაში და ზრდის უკულელეს გაყიდვების რაოდენობას. უკულელეს მანია კვეთს ოკეანესაც და აღწევს დიდ ბრიტანეთს. ინსტრუმენტების დიდი მოთხოვნილება იწვევს უკულელეს წარმოების მოწყობის აუცილებლობას. უკულელეს პორტუგალიელი ოსტატებიდან მხოლოდ მანუელ ნუნესი რჩება, ხოლო 1910 წლიდან ის ვეღარ აკმაყოფილებს უკულელეზე გაზრდილ მოთხოვნილებას. ახალგაზრდა სამუელ კაიალილი - კამაკა უკულელე (Kamaka Ukuleles), იწყებს ოსტატობის დაუფლებას მანუელ ნუნესთან. კონკურენტებს სხვა ჰავაელი ოსტატებიც უერთდებიან - ერნესტ კააი (Ernest Kaai), იონა კუმალაე (Jonah Kumalae) და ჯეიმს ანაჰუ (James Anahu). ახალ კონკურენტებს დარგში შემოაქვთ უნიკალური დიზაინერული განსხვავებები, მაღალი ხარისხის ჟღერადობები და ინოვაციები. კონკურენტთაგან ერთერთი, კუმალაე, ფლობს ახალ წარმოებას, რომელიც 300-მდე ინსტრუმენტს უშვებს ყოველთვიურად.
მიუხედავად დიდი კონკურენციისა, მოზღვავებული დაკვეთები მთელი მსოფლიოდან ნათელს ხდის, რომ კვლავ დიდია სივრცე ახალი წარმოებების დასაწყებად.კონკურენცია ახალ განვითარებას იძენს ბაზარზე მატერიკის გიტარის მწარმოებელი მანუფაქტურების შემოსვლის შემდეგ. ჰავაელები შეშფოთებულნი და, ხშირად, აღშფოთებულიც კი არიან. მატერიკის კომპანიები ინსტრუმენტებს უშვებენ ლეგენდარული მარკით დამზადებულია ჰავაიში (Made in Hawaii). ჰავაელები თავს იცავენ განსაკუთრებული სავაჭრო ნიშნის შექმნით, დაცულს კანონმდებლობით. ჰავაელი უკულელეს მწარმოებლები ღებულობენ უფლებამოსილებას ისარგებლონ სტამპით დამზადებულია ჰავაიში, აშშ (Made in Hawaii, USA) და, ამიერიდან, ამ ახალი ლეგენდარული მარკის გამოყენება უკულელეებზე, რომლებიც არ არის გამოშვებული ჰავაის კუნძულებზე ითვლება უკვე კანონდარღვევად.
1920-იან წლებში, მატერიკის მანუფაქტურები როგორიცაა გიბსონი (Gibson), ჰარმონი (Harmony), რეგალი (Regal), ნეშნლ (National), დობრო (Dobro) და მარტინი (Martin) მასობრივად, ათასობით, უშვებენ ინსტრუმენტებს. ჰარმონი ჩიკაგო 500,000 უკულელეს ყიდის 1931 წელს. |
1929 წელს იაპონიაში უკულელეს წარადგენს ჰავაიზე დაბადებული იუკიჰიტო ჰაიდა (Yukihiko Haida). თავის ძმასთან ერთად ის აარსებს Moana Glee Club-ს და დასავლური პოპულარული მუსიკის, კერძოდ, ჰავაის მუსიკისა და ჯაზის მიმართ მზარდი ინტერესის პირობებში სწრაფად აღწევს წარმატებას. მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის ხელისუფლება კრძალავს დასავლურ მუსიკას, თუმცა მოყვარულები და მუსიკოსები საიდუმლოდ უნარჩუნებენ უკულელეს სიცოცხლეს და ომის შემდგომ ის კვლავ იბრუნებს ადრინდელ პოპულარობას. 1959 წელს ჰაიდა აფუძნებს ნიჰონის უკულელეს ასოციაციას (Nihon Ukulele Association). დღეს იაპონია ჰავაელი მუსიკოსებისა და უკულელეს ვირტუოზების მეორე სამშობლოდ ითვლება.
1940-50-იან წლებში ბრიტანელი ჯორჯ ფორმბის (George Formby) და ამერიკელი არტურ გოდფრის (Arthur Godfrey) პატარა ინსტრუმენტი მეინსტრიმშია. დიდებული შემსრულებლები როი სმეკი (Roy Smeck) და ედი კარნაე (Eddie Karnae) გასაოცებელ მუსიკას ასრულებენ უკულელეზე. მიუხედავად ახალი სახეებისა, 1960-იანი წლების ბოლოს უკულელეს პოპულარობა კლებულობს და 1970-იანი წლების დასაწყისში კამაკა ერთადერთი მანუფაქტურა რჩება, ვინც კიდევ უშვებს უკულელეს.
1990-იან წლებში იწყება ახალი ერა უკულელეს ისტორიაში. ჯორჯ ჰარისონი (George Harrison) და გრეგ ჰოუკსი (Greg Hawkes) ხშირად უკრავენ უკულელეზე; 1985 წელს იქმნება დიდი ბრიტანეთის უკულელეს ორკესტრი (The Ukulele Orchestra of Great Britain), რომელიც კონცერტებით გამოდის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში; ისეთი შემსრულებლები, როგორიცაა ჰერბ ოტა-სანი (Herb Ohta-San), ჯონ კინგი (John King), ბობ ბროზმანი (Bob Brozman), ჯეიკ შიმაბუკურო (Jake Shimabukuro), ჯეიმს ჰილი (James Hill), ისრაელ კამაკავივო‘ოლე (Israel Kamakawiwo’ole) ნათელი მაგალითია უკულელეს ამოუწურავი მუსიკალური შესაძლებლობებისა. უკულელე TV არხზე თქვენ იხილავთ მრავალ ცნობილ ადამიანს უკულელეზე მუზიცირებისას, მათ შორისაა ელვის პრესლი (Elvis Presley), პოლ მაკარტნი (Paul McCartney), ბეტ მიდლერი (Bette Midler), ედი ვედერი (Eddie Vedder), პიტ თაუნსენდი (Pete Townshend), უორენ ბაფეტი (Warren Buffett) და მრავალი სხვა. |